|
მ ა რ ხ ვ ა
მარხვა 4 აპრილს დასრულდება. სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ წელს მართლმადიდებლები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
|
დიდი მარხვა
გილოცავთ; დიდი მარხვა დაიწყო!
,,დაე, შენი გონება მარხულობდეს ამაო ზრახვათაგან; დაე, შენი ნება მარხულობდე ბოროტის მოსურვეობისაგან; დაე შენი თვალები მარხულობდნენ უჯერო სახილველთაგან; დაე, შენი ყურნი მარხულობდნენ ბილწ სიმღერარათა და ცილისმწამებელ სიტყვათა მოსმენისაგან; დაე, შენი ენა მარხულობდეს განკითხვისაგან, ცილისწამებისაგან, სიცრუისაგან, მაამებლობისაგან, ბილწსიტყვაობისაგან და ყოველგვარი ამაო და უჯერო სიტყვისაგან; დაე, შენნი ხელნიც მარხულობდნენ სხვათა ცემისაგან და სხვისი სიკეთის მიტაცებისაგან; დაე, მარხულობდნენ შენი ფერხნი ბოროტ საქმეზე წარსვლისაგან. აი ესაა ქრისტიანული მარხვა რომელსაც უფალი მოითხოვს ჩვენგან”
.წმ. მღვდელმთავარი ტიხონ ვორონეჟელი.
ღმერთმა მოგმადლოთ ჭეშმარიტი მარხვა და ჟამი სინანულისა, ამინ!
მარხვა ეს არის თავშეკავება, ნებაყოფლობითი უარის თქმა განსაზღვრულ საკვებზე, გართობაზე - ესაა სამადლობელი მსხვერპლი, რომელსაც უფალს შევსწირავთ იმ დიდი გამომსყიდველი მსხვერპლის სანაცვლოდ, რომელიც იესო ქრისტემ ჩვენი ხსნისთვის გაიღო.
წმიდა დიდმარხვა თავისი მნიშვნელობით, სიმკაცრით თუ ზეიმურობით გამოირჩევა ყველა სხვა მარხვისგან. მისი შესრულებით ჩვენ ვემზადებით ყველაზე ქრისტიანული დღესასწაულის - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შესახვედრად.
ეკელესია თავისი მორწმუნეების სულიერ და ფიზიკურ მომზადებას დიდი მარხვისათვის რამდენიმე კვირით ადრე იწყებს. დიდმარხვის დაწყებას წინ უძღვის 3 კვირა: მეზვერისა და ფარისევლის, უძღები შვილისა, ხორცთა აკრებისა და საშინელი სამსჯავროსი და ბოლო კვირიაკე (კვირა დღე) - მიტევებისა და ადამის სამოთხიდან განდევნისა.
საქართველოს სიყვარული გადაარჩენს.
(ინტერვიუ ქუთაისის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვართან მღვდელ ალექსი სინაურიძესთან.)
მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. ახალგაზრდობას ბევრი საინტერესო კითხვა დაუგროვდა სულიერებასთან, რელიგიურ აზროვნებასთან დაკავშირებით.
-რას გვეუბნება სიტყვა აღდგომა?
-აღდგომას წმინდა მამები დღესასწაულთა დღესასწაულად მოიხსენიებენ. ის არის დღე, როდესაც უფალი და მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე, მკვდრეთით აღდგა.
,,ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათ ცხოვრების მომნიჭებელი’’, - ამბობს აღდგომის საგალობელი და მართლაც, ქრისტემ თავისი აღდგომით ჯოჯოხეთი დათრგუნა, სიკვდილი დაამარცხა.
ადამის და ევას შეცოდების შემდეგ ადამიანებისთვის სამოთხე დაიკარგა და თვით ყველაზე მართალი და პატიოსანი ადამიანებიც კი გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. კაცობრიობა ათასწლეულების განმავლობაში ელოდა მხსნელს. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ყველა დამიანი ცოდვილია, ეს მხსნელი არ შეიძლებოდა ადამიანი ყოფილიყო. ამიტომაც განკაცდა ძე ღვთისა და, როგორც ჩვენი სარწმუნოების სიმბოლოში-,,მრწამსში” ვკითხულობთ ,,და ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატეს ზე და ივნო და დაეფლა.
და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა”, აღდგომა სიყვარულის სიძულვილზე, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღესასწაულია. ვისაც ქრისტეს აღდგომისა არ სწამს, ასეთი ადამიანი, თუნდაც მონათლული იყოს, მართლმადიდებლად არ შეიძლება ჩაითვალოს.
-რატომ მოძრაობს აღდგომის დგესასწაული?
რატომ მოძრაობს აღდგომის დგესასწაული?
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწული მოძრავია. ეკლესიამ დაადგინა ოთხი აუცილებელი ნიშანი მისი განსაზღვრისა:
1.აღდგომის დღესასწაული უნდა აღინიშნებოდეს გაზაფხულის ბუნიობის (ძვ. სტილით 21.03 ახ. სტილით 4.04) შემდეგ.
2.გაზაფხულის ბუნიობიდან პირველი სავსემთვარეობის შემდეგ.
3.უნდა იყოს სავსემთვარეობის შემდეგ პირველი კვირა დღე.
4.თუ სავსემთვარეობის შემდეგ პირველი კვირა დღე ებრაელთა პასექის დღესასწაულს დაემთხვა, მაშინ აღდგომის დღესასწაული მოდევნო კვირას უნდა აღვნიშნოთ. აღდგომის დღესასწაულის განსაზღვრის ეს წესი რომ ჭეშმარიტია, ამას ყოველ წელს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ზეციური ცეცხლით თავად უფალი გვიდასტურებს.
-დიდი მარხვის დროს რატომ იკითხება ეფრემ ასურის ლოცვები?
-ეფრემ ასური უდიდესი წმინდა მამაა. ის საოცარი თავმდაბლობით გამოირჩეოდა.
,,მომანიჭე, უფალო, განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა’’, - ვკითხულობთ მის ლოცვაში.
მარხვას აუცილებლად უნდა ახლდეს საკუთარ თავში ჩაღრმავება, სინანული-თვისთა ცოდვათა განცდა. ამპარტავნულად ჩატარებული მარხვა, ან თუნდაც ლოცვა ხვთისათვის, სათნო არ არის. ეფრემ ასურის ლოცვა გვეხმარება, რომ მარხვა სწორად წარვმართოთ.
რა დატვირთვა აქვს დიდი მარხვის თითოეულ კვირას?
დიდი მარხვის პირველი შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს ეკლესიაში დიდი სერობის ჟამნზე იკითხება წმ. მამის, ანდრია კრიტელის, სინანულის საგალობლები (დიდი კანონი).
დიდი მარხვის პირველი კვირა დღე შეგვახსენებს, რომ ჩვენ ჭეშმარიტი სარჭმუნოების-მართლმადიდებლობის მიმდევრები ვართ და ამას ვზეიმობთ. II, III და IV კვირის ყოველ შაბათს მიცვალებულებს ვიხსენიებთ-ღვთისათვის ყველა ცოცხალი. ადამიანი, როგორც ზოგიერთს ჰგონია, სიკვდილის შემდეგ კი არ ქრება და იკარგება, არამედ, პირიქით, გარდაცვალების შემდეგ იწყებს მარადიულ ცხოვრებას. ყოველი ადამიანი უნდა ზრუნავდეს გარდაცვლილ ახლობლებზე. ეს ზრუნვა პირველ რიგში ლოცვით, მათი მოხსენიებით გამოიხატება და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათთვის. როცა მათ ვიხსენიებთ, ისინი საოცარ შვებასა და სიხარულს განიცდიან, ამიტომ ეკლესიამ, დიდი მარხვის გარდა, სხვა დროსაც დაადგინა მიცვალებულთა მოხსენიების დღეები. V კვირა დიდი წმინდანის-მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღეა. იყო დრო, როცა ის ძალიან ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ შეინანა, ყველაფერი დატოვა და უდაბნოში დაიწყო ცხოვრება. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება შეგვახსენებს, რომ მართალია, ცოდვა საშინელებაა და მას ყველა უნდა ერიდოს, მაგრამ აქვე გვასწავლის, რომ ადამიანს ღუპავს არა ცოდვა, არამედ ის, თუ ამ ცოდვის გამო სინანული არა აქვს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ჩვენდამი ხვთის სიყვარულს აღემატება. წმ. მარიამ ეგგვიპტელი მაგალითია, თუ როგორი სინანული უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს.
VI კვირა იერუსალიმში უფლის დიდებით შესვლას გვახსენებს.
,,ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა”,- ასე შეეგებნენ იერუსალიმელები უფალს, თან ფეხქვეშ პალმის რტოებს უფენდნენ, თუმცა მათი უმეტესობა ერთი კვირის შემდეგ, სამწუხაროდ, თანახმა იყო, რომ ის ჯვარზე ეცვათ. კვირას ეკლესია დგესასწაულით აღნიშნავს და მას ბზობა, ბაიაობა, ეწოდება.
...და ბოლოს - დიდი მრხვის ბოლოკვირაა - ვნების შვიდეული.ამ კვირის ყველა დღე მოიხსენიება სიტყვით - ,,დიდი” - დიდ ორშაბათი, დიდი სამშაბათი და ა. შ.
დიდ ხუთშაბათს ეკლესია საიდუმლო სერობას იხსენიებს, ეს წმიდა ზიარების დაწესების დღეა და ამ დღეს ყველა მართლმადიდებელი ცდილობს ეზიაროს, ეს არის დღე, როცა ქრისტემ კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი თავმდაბალი უნდა იყოს ყოველი ადამიანი-მან თავის მოსწავლეებს ფეხები დაბანა. ამ დღესვე ეკლესიაში აღსრულდება შვიდგზის ზეთისცხება. ეს ერთ-ერთი საიდუმლოა ხვთისაგან დაწესწბული, რომელიც ადამიანის სულისა და სხეულის მაკურნებელია. შვიდგზის ზეთისცხებისას ადამიანს ის ცოდვებიც მიეტევება, რომელთა თქმა აღსარებაში დაავიწყდა.
დიდი პარასკევი უფლის დღეა და ჯვარცმას გვახსენებს-და ეს წელიწადის ყველაზე მძიმე დღეა მართლმადიდებელთათვის, მაგრამ ამ დღესაც ყველა მორწმუნის გულში, მიუხედავად დიდი გლოვისა და მწუხარებისა, მაინც ანთია იმედი და სიხარული იმისა, რომ მალე დადგება დღესასწაულთა დღესასწაული - აღდგომა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!
-რატომ იღებება აღდგომის კვერცხი წითლად?
-წმინდა გადმოცემა გვიამბობს, რომ მაცხოვრის აღდგომის დღეს ერთ ებრაელს ახალი კვერცხები მიჰქონდა გასაყიდად. გზაში ნაცნობი შეხვდა და ეუბნება: ,,მეგობარო, იცი რა სასწაული მოხდა დღეს ჩვენს ქალაქში? ქრისტე, რომელიც სამი დღის წინ ჯვარს აცვეს, საფლავიდან აღდგა.
-ვერ დავიჯერებ, რომ ქრისტე აღდგა, - უპასუხა მეორემ, -ეს ისევე შეუძლებელია, როგორც შეუძლებელია ის, რომ ეს კვერცხები გაწითლდნენ. როგორც კი მან ეს სიტყვები წარმოთქვა; ყველა კვერცხი გაწითლდა. ამ სასწაულმა ისე იმოქმედა მასზე, რომ ქრისტიანი გახდა”. წითლად შეღებილი კვერცხი შეგვახსენებს ქრისტეს ცხოველმყოფელ სისხლს, რომლის ფასადაც ადამიანის მოდგმა იქნა გამოსყიდული საუკუნო სატანჯველისაგან. ეკლესიაში არის ტრადიცია, სააღდგომო მილოცვის დროს მორწმუნეები ერთმანეთს ჩუქნიან წითლ კვერცხს, რომელიც არის სიმბოლო მკვდრეთით აღდგომისა, აღდგომისა, რომლის საწინდარი თვით უფალი იესო ქრისტეა.
გეცოდინებათ-ანალოგიური შემთხვევა მოხდა მენელსაცხებლე დედის საუბრისას იმპერატორთან. როგორც ნაჭუჭში დაფარული კვერცხისაგან იბადება ახალი სიცოცხლე, ასევე ქრისტეს ჯვარცმით და აღდგომით მოგვენიჭა ახალი ცხოვრება, რომელიც იწყება დედამიწაზე და გრძელდება სასუფეველში.
-რამდენი წლიდან შეიძლება იმარხულოს ბავშვმა?
-ძირითადად, ბავშვები 7 წლის ასაკიდან იწყებენ აღსარებასა და მარხვას, მაგრამ იმდენად, რამდენადაც მოზარდისთვის თუნდაც სამედიცინო თვალსაზრისით არ შეიძლება ისეთივე მძიმე მარხვა, როგორც ზრდასრული ადამიანისთვის, ეს საკითხი მოძღვართან შეთანხმებით ყოველთვის ინდივიდუალურად წყდება ხოლმე.
-როგორია ახალგაზრდების დამოკიდებულება მარხვისა და სულიერი ცხოვრებისადმი?
-ეკლესიური ცხოვრება არ არის წელიწადში ერთხელ ტაძარში მოსვლა და სანთლის ანთება. ეკლესიური ცხოვრება - მარხვა, ლოცვა, სინანული, ხშირად ზიარება, სულიერ მოძღვართან ურთიერთობაა. საქართველოს ეკლესია გამოირჩევა იმით, რომ ჩვენთან უამრავი ახალგაზრდა მოდის და მათი უმრავლესობა დიდი გულისხმერებით ეკიდება სულიერ ცხოვრებას.
-როგორ ფიქრობთ, ახალგაზრდობის ლტოლვა ეკლესიისადმი სულიერებით ხდება, თუ სხვათა მიბაძვით?
-ზოგი ადამიანი სინანულს მოჰყავს ეკლესიაში, ზოგი ხვთის სიყვარულს, ზოგი განსაცდელს, ზოგიერთი სხვისი მიბაძვით მოდის. დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ როგორ მიდის ეკლესიაში, მთავარია, ვინ როგორი გულით მიდის. ეკლესიის ისტორიაში უამრავი შემთხვევაა, როცა მძიმე ცოდვილი-წმინდანად, ამპარტავანი-თავმდაბლად, ბოროტი კეთილად, ქცეულა. ასე რომ შეიძლება ზოგიერთი სხვისი მიბაძვითაც მოვიდეს ეკლესიაში, დაესწროს წირვა-ლოცვას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, ღვთის მადლით, ჭეშმარიტ მორწმუნედ იქცეს. როგორც ეკლესია გვასწავლის, ,,რაც წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენთვის, შესაძლებელია ღვთისათვის”.
-როგორ უნდა ჩაიცვას მოზარდმა , რომ თანამედროვედაც გამოიყურებოდეს და არც სულიერ ფასეულობებს მოაკლდეს?
-ძნელია შეათვსო ერთმანეთთან გამომწვევი ჩაცმა და კდემამოსილება, ,,რეპი” და საგალობელი, სიგარეტი და საკმეველი, ბილწსიტყვაობა და ლოცვა....
ორი ბატონის მსახურები ვერ იქნებით. დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდვია.
საიდან ჩნდება ლოცვის დაზარება?
ლოცვა ღმერთთან საუბარია. მას უდიდესი ადგილი უჭირავს ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. აბა, გავიხსენოთ, ვის ვესაუბრებით ლოცვისას-წმიდა სამებას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, ანგელოზთა დასებს, წმინდანებს. ლოცვას შეუძლია შეუძლებელი შესაძლებად აქციოს... ისევე როგორც ჩვენს სხეულს სჭირდება საკვები, რათა არ დაიღუპოს, ასევე-სულს ლოცვა. ლოცვა სულის საკვებია. ეს ძალიან კარგად იცის დაცემულმა ანგელოზმა-სატანამ და ყოველნაირად ცდილობს, ხელი შეგვიშალოს ღმერთთან ურთიერთობაში.
- რას გვეტყვით ახლადაშენებულ სამების ტაძატზე?
-სამების ტაძარი საქრთველოს სულიერი ერთიანობის სიმბოლოა, მას პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მთელი საქართველო აშენებდა. სასიხარულოა რომ ამ საყოველთაო გაჭირვების ჟამს, ქართველმა ერმა თავის თავში მონახა ძალა და ასეთი დიდებული ტაძარი ააშენა, ალბათ, ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ საქართველოში ანტიქრისტე ფეხს ვერ მოიკიდებს, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია აუცილებლად გაბრწყინდება.
-როგორ ვიცხოვროთ რათა ვცხოვნდეთ?
-სინანულით, სიმდაბლით, ღვთისა და ადამიანის სიყვარულით.
-რა გადაარჩენს საქართველოს?
-სიყვარული
ინტერვიუ ჩაწერა ინა ბეშკენაძემ და ანა ფხაკაძემ
დიდმარხვის ვნების კვირა.
ბზობა.
დიდებით შესვლა იერუსალიმში უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
ბზობა. ბაიაობა.
ახლოვდებოდა ებრაული პასექის დღესასწაული. ამ დღეს უამრავი ხალხი იკრიბებოდა იერუსალიმში სალოცავად.
უფალიც გაემგზავრა ბეთანიიდან იერუსალიმში. როცა იგი მიუახლოვდა ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, პეტრეს და იოანეს უთხრა: ”გაეშურეთ სოფელში, რომელიც თქვენს წინაშეა. იქ დაგხვდებათ დაბმული ვირი და მისი პატარა კვიცი, რომელზედაც ჯერ არავინ მჯდარა. ახსენით და მოიყვანეთ ჩემთან. თუ ვინმემ გკითხოთ, უთხარით, რომ უფალს სჭირდება იგი”. მოწაფეები ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესო ქრისტემ. მოიყვანეს სახედარი, დააფინეს მასზე თავისი ტანსაცმელი და უფალს მიჰგვარეს. სახედარზე ამხედრებული იესო შევიდა იერუსალიმში. ხალხი გამოვიდა მის შესახვედრად იერუსალიმიდან. ზოგი ტანსაცმელს იხდიდა და უფენდა მას ფეხქვეშ, როგორც მეფეს, ზოგი - ბზისა და პალმის ხასხასა მწვანე ტოტებს. თან მაღალი ხმით უგალობდნენ მეფის შესაფერის სადიდებელს: ”ოსანა დავითის ჩამომავალს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალს! (”ოსანა” - ქართულად ნიშნავს დიდებას).
ბზის ან პალმის ტოტთა მშვენიერებით ეკლესია უფრო ცოცხლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში. მეფის ასეთ შეხვედრას უძველესი ტრადიცია აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული ქრისტიანი მზად უნდა იყოს ღმერთთან სულიერი შეგეგებისათვის. სამოსელის ნაცვლად გული დაუფინოს კვიცზე მჯდომარე მეუფეს, მხურვალე ლოცვა კი ბზის ტოტებით მიართვას მას; მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იგი მიიღეს იერუსალიმში და უგალობოს: ”ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა!”
ხსნილია თევზითა და ღვინით
|
დიდმარხვის მეექვსე კვირიაკე.
ხარება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა. 7 აპრილს
გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს.
ღვთისმშობელი ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.
ორი ათასი წლის წინ მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა კაცობრიობას ამცნო, რომ მხსნელი მოევლინებოდა. ეს პირველად ღთისმშობელს ეახლა–სწორედ იგი იღებდა მუცლად მაცხოვარს: «გიხაროდენ მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანაა და კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა». განცვიფრდა და შეწუხდა ქალწული რას უნდა ნიშნავდესო ეს მოკითხვა. ანგელოზი მიუხვდა ნაფიქრს და დაამშვიდა: « ნუ გეშინია, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მდლი წინაშე ღვთისა». ქალწული მარიამი ამ დროს მართლა იოსებზე იყო დაწინდული.
ყოველი სიმდაბლით შემკული ქალწული გამოარჩია მთავარანგელოზმა. მარიამმა, მომავალმა დედამ მესიისა, ეჭვი შეიტანა ზეციური მახარობლის ნათქვამში: « ვითარმედ იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?! «სული წმიდაი გადმოვიდეს შენზედა და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ»–¬¬¬ ასეთი იყო ნება უფლისა.
ეს დღე უდიდესია, რადგან განცხადდა – ცოდვით დამძიმებული დედამიწა უნდა გადარჩენილიყო. ევედრეთ უფალსა, გადაარჩინოს ამიერიდან და უკუნითი უკუნისამდე ჩვნი სულები, მოგვმადლოს მაცხოვნებელი ძალა, იყოს ჩვენთან და შეგვეწიოს!
ხსნილია თევზითა და ღვინით
|
დიდმარხვის მეხუთე კვირა.
ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელი (+522)
ხსენება 1 (14) აპრილი, დიდმარხვის მე-5 კვირა
წმინდა მარიამ ეგვიპტელი
ანდრია კრიტელის კანონის ბოლო გალობებში მორწმუნენი ვედრებას აღავლენენ წმიდა მარიამ ეგვიპტელის მიმართ, რომელიც თავისი მოღვაწეობით წმიდა ანდრიასთან ერთად სინანულის ხატად წარმოგვიდგება.
იგი 12 წლისა განეშორა ოჯახს და ცოდვებით აღსავსე გზას დაადგა. ერთხელაც კი დროის გასატარებლად იერუსალიმისაკენ გემით მომლოცველებთან ერთად გაემგზავრა . წმინდა ქალაქისკენ მიმავალმა უამრავი ადამიანი აცდუნა. ხოლო, როცა იერუსალიმში ჩასულმა სხვებთან ერთად დააპირა უფლის ტაძარში შესვლა, უხილავმა ძალამ ზრურბლთან შეაჩერა და არ შეუშვა. მაშინ დაეუფლა საოცარი სინანული და შინაგანი დიალოგი გაუმართა ღმერთს, სთხოვდა, ოღონდ ტაძარში შეეშვა და მთელ დანარჩენ სიცოცხლეს სინანულში გაატარებდა. სახიერმა შემოქმედმაც, რომელსაც ყველა ჩვენგანი უყვარს და ცდილობს ცხონების გზაზე ყოველი ჩვენგანის დაყენებას, მიმადლა მას სიტყვის შესრულების ძალა და ტაძრიდან გამოსული მარიამი მართლაც შეუდგა იორდანიის უდაბნოებისაკენ მიმავალ გზას. სწორედ იქ , სრულიად მარტომ მოღვაწეობაში გაატარა 48 წელი. სიცოცხლის ბოლოს კი, ეს საოცარი მოღვაწე წმიდასს ზოსიმეს ხელით პირველად აზიარა თავის წმიდა ნაწილებს. ღირსი ზოსიმე მეორე წელს ესტუმრა უდაბნოს, რათა ეხილა იგი , მაგრამ წმინდანს სული უკვე უფლისთვის მიებარებინა, ფეხებთან კი უზარმაზარი ლომი ეჯდა, რომელიც ქუსლებს ულოკავდა. სწორედ ლომს უბრძანა წმიდა ზოსიმემ სამარის გათხრა, ლომმაც ტორებით გათხარა წმინდანის საფლავი.
შევთხოვ წმინდა მარიამს შეგვაძლებინოს დიდი მარხვის ღირსეულად შენახვა:– ღირსო დედაო მარიამ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!
|
დიდმარხვის მეოთხე კვირა.
წმიდა მღვდელმთავარი ამბროსი აღმსარებელი (ხელაია)
ხსენება 16 (29) მარტი
წმიდა ამბროსი აღმსარებელი (ერისკაცობაში - ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს, მარტვილის რაიონში. პირველდაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ კი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაამთავრა 1885 წელს. ბესარიონი დაოჯახდა და სოხუმის ეპარქიაში დაიწყო მოღვაწეობა, იგი დიაკვნად აკურთხა სოხუმის ეპისკოპოსმა. სიწმიდითა და განათლებით გამორჩეულ დიაკონ ბესარიონს მალე მღვდლად დაასხეს ხელი. ის რვა წელი მოძღვრობდა სოხუმში, სკოლებში ასწავლიდა ქართულ ენას, ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საქველმოქმედო საზოგადოებებს; 1896 წელს გარდაეცვალა მეუღლე და მარტომ იტვირთა შვილების აღზრდა. 1897 წელს ბესარიონმა სწავლა დაიწყო შევიდა ყაზანიì სასულიერო აკადემიაში.
ის იყო ნიჭიერი, უაღრესად პატიოსანი, კეთილი, სათნო და ერთგული ადამიანი. 1901 წელს წელს მონაზვნად აღიკვეცა და უწოდეს სახელად ამბროსი.
ღირსი მამა, დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, ამის გამო 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს.დაბრუნების შემდეგ ჭელიშის მონასტრის წინამძღვრობა დაევალა.
1908 წელს მამა ამბროსის საშინელი ცილი დასწამეს: ბრალად დასდეს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში მონაწილეობა და რუსეთში გადაასახლეს. გაგზავნეს რიაზანის სამების მონასტერში, სადაც ერთ წელზე მეტი სასტიკი რეჟიმის ქვეშ გაატარა. სრულიად რუსეთის წმიდა სინოდი უგულებელსყოფდა არქიმანდრიტის ყოველ თხოვნას სამშობლოში დაბრუნების შესახებ. ბოლოს, 1917 წელს, წმიდა ამბროსი დაბრუნდა საქართველოში და კვლავ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის ბრძოლის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახდა.
1917 წლის თებერვალში რუსეთში მომხდარმა გლობალურმა ცვლილებებმა ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ხელსაყრელი მომენტი შექმნა.
1917 წლის 12 (25) მარტს მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, ხოლო 16 მარტს თბილისში შედგა საეკლესიო კრება, რომელმაც დაადგინა, რომ ამიერიდან სიონის ტაძარში ღმრთისმსახურება ქართულ ენაზე უნდა აღსრულებულიყო. ამბროსი ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ კი აფხაზეთის მიტროპოლიტად გაამწესეს.
1921 წელს იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია.
1922 წელს წმიდა ამბროსი დააპატიმრეს. სამსჯავროზე წმიდა ამბროსი თამამად ამხელდა მთავრობას ბოროტებაში. სასამართლო პროცესის ბოლოს, მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვაში წმიდა ამბროსიმ ჯალათებს უთხრა: "სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული - საქართველოს, გვამს კი, რაც გნებავთ, ის უყავით". სასამართლომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
1924 წლის ბოლოს ამნისტიით ამბროსის სასჯელი მოუხსნეს, მაგრამ უკვე ხანში შესულ და ჯანგატეხილ ერის მამას დიდხანს აღარ უცოცხლია: იგი სამი წლის შემდეგ, 1927 წელს გარდაიცვალა.
|
დიდმარხვის მესამე კვირა.
ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე.
 ქრისტეს სამსჭვალიროდესაც კონსტანტინე დიდმა, ტიტუსის ლეგიონების მიერ დანგრეული და იმპერატორ ადრიანეს მიერ შებილწული იერუსალიმის განახლება გადაწყვიტა, ამ წმინდა საქმის აღსრულებისათვის წმინდა მიწაზე დედა გაგზავნა.
უფლის საფლავი მიწითა და ლოდებით იყო დაფარული და ზედ იუპიტერის კერპი იდგა. ქრისტეს ჯვარცმის ადგილას კი ვენერას წარმართული ტაძარი.
მოციქულთა სწორმა დედოფალმა ელენემ შებილწული ადგილები აკურთხევინა,
ყველა წარმართული სალოცავი შემუსრა და ახალი დიდი უფლის ჯვარცმის ტაძრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 325 წლის 13 სექტემბერს იკურთხა.
გადმოცემით მესიის ჯვარცმიდან ჩამოხსნის შემდგომ, ჯვრები და სამსჭვალები მღვიმეში ჩაუყრიათ. ელენე დედოფალმა ვენერას ტაძრის საძირკველი გაათხრევინა და იქ სამი ჯვარი და სამსჭვალები აღმოაჩინეს. მაცხოვრის ჯვრის ამოსაცნობად ძელები მიცვალებულს შეახეს. ქრისტეს ჯვრის შეხებისას მკვდარი გაცოცხლდა.
დედოფალ ელენეს ბრძანებით უფლის ჯვრის მოპოვების მღვიმეში ბაზილიკა ააგეს, რომელიც დღესაც მოქმედებს.
მეოთხე საუკუნეში, როდესაც წმინდა ნინოს ლოცვითა და ღვაწლით, მეფე მირიანმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, საქართველოს არ ჰყავდა სამღვდელოება, რომ ხალხი მონათლულიყო. მაშინ მეფემ ბიზანტიის იმპერატორს, კონსკანტინე დიდს სთხოვა დახმარება. იმპერატორს ძლიერ გაუხარდა ქართლის გაქრისტიანება და სამღვდელოებასთან ერთად მცხეთაში წმინდა ძღვენიც გამოაგზავნა. ეს იყო: ორი სამსჭვალი, ანუ ლურსმანი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე მიალურსმნეს და ფიცარი, რომელზეც ფეხები ჰქონდა მიჭედებული მაცხოვარს. საქართველოში დაცული ყოფილა ცხოველსმყოფელი ჯვრის სხვა ნაწილებიც, ერთ-ერთი ასეთი ნაწილი ინახება საქართველოს საპატრიარქოში.
|
დიდმარხვის მეორე კვირა.
დიდი მარხვის II კვირას ეკლესია წმიდა მამას გრიგოლ პალამას იხსენიებს.
ეს დიდი ღვთისმეტყველი და საეკლესიო მამა მოღვაწეობდა მცირე აზიაში 1296 – 1359 წლებში, მან საფუძველი ჩაუყარა მისტიკური სწავლების სისტემას - ისიხაზმს.
წმ. გრიგოლ პალამას მთელი ცხოვრება მართლმადიდებლობისათვის ბრძოლას წარმოადგენდა. წმ. გრიგოლ პალამას უმთავრესი დოგმატური შეხედულებები ჩამოყალიბებულია მის ბრწყინვალე ქადაგებებში:
,,სიიტყვა ფერიცვალებაზე”, ,,სულისა და სხეულის დიალოგები” და სხვა. მისი ქადაგებები გამოირჩევიან ღრმა სულიერებითა და განსწავლულობით, და სახარებისეული საკითხავების სიღრმისეული გააზრებით, ამასთანავე არაჩვეულებრივი უბრალოებით.
წმინდა გრიგოლ პალამას ხატები
|
დიდმარხვის I კვირა - მართლმადიდებლობის ზეიმი
...,,მხოლოდ მართლმადიდებელი სარწმუნოება განსწმენდს და აკურთხევს ცოდვით შებღალულ ადამიანურ ბუნებას, განაახლებს გახრწნილს, განსაკუთრებით ნათლისღების, სინანულისა და ზიარების საიდუმლოებებით; განანათლებს დაბნელებულებს; კურნავს ცოდვებით დაწყლულებულს; გულგაციებულს განატფობს; სული წმიდის მადლით აკეთილსურნელოვნებს ვნებებით მყრალს; მკვდარს განაცოცხლებს; ხვთისაგან განშორებულს უკუნაქცევს, მისგან გაუცხოვებულს კვლავ, მასვე უსაკუთრებს; დახსნილს განამტკიცებს; დასახიჩრებულს განამრთელებს და შეამკობს; დაცემულს აღადგენს; მონას ათავისუფლებს; დამტერებულს სიყვარულით აღავსებს; როგორადაც მოციქულ პავლეს და მრავალთა სხვათა; ღვთისმგმობს ღვთისადმი განუწყვწტელი დიდებისმეტყველებით აღავსებს; სასოწარკვეთილს სასოებას მისცემს; მოწყენილს - ნუგეშს; სასჯელის ღირსს სასჯელს აცილებს და გეჰენიისგან გამოიხსნის; შფოთიანს ამშვიდებს; ძალადალეულს სიმტკიცეს ანიჭებს; შევიწროვებულს გასაქანს აძლევს; უსამართლოს სიმართლით განამდიდრებს; მზაკვარს უბრალოდ ხდის; ბოროტს - კეთილად; ზნედაცემულს გამოასწორებს; ხარბს თავშეკავებულს ხდის; მრუშს - უმანკოს, უბიწოს; ძუნწს - მოწყალეს; უგუნურს - განაბრძნობს; გამიწიერებულს ზეციურს ხდის; უხეშს - ფაქიზს; ხორცის მონას განასულიერებს; სახმართმოყვარეს ღვთისმოყვარეს ხდის, თავისმოყვარეს - თავდადებულსა და ყოვლადმოყვარულს, ეშმაკისმსგავსს - ღმერთსმიმზგავსებულსა და ჰოი, საკვირველება! - ღვთიურს! აი, რა სასწაულებს იქმს მართლმადიდებლობა ადამიანში!”..
წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელი - სიტყვა წარმოთქმული მართლმადიდებლობის კვირიაკეს
წმინდა იოანე კრონშტადტელის სურათები და ხატები
|
პატრიარქი სინანულის შესახებ.
დიდმა წინასწარმეტყველმა და უფლის წინამორბედმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი მოღვაწეობა სინანულისაკენ მოწოდებით დაიწყო.
იგი ხალხს სინანულისაკენ მოუწოდებდა, რადგან , სადაც სინანულია , იქ ღვთისაგან შენდობაა, მისი წყალობა და მადლია.
სინანულის ჟამს რაღაც მისტიური პროცესი ხდება, რომელიც სულიერად გვწმენდს. ამასთან უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ განვიწმინდებით,
ესეც უფლის მადლითა და შემწეობით ხდება, ოღონდ იმ შემთხვევაში , თუ ვგრძნობთ , რომ ცოდვილნი ვართ და საკუთარ ცოდვებს განვიცდით.
ამიტომ ვევედრებით სულიწმინდას; „მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმინდა გვყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა“.
როცა აღსარებაზე მიდიხარ, საკუთარი ცოდვები უნდა აღიაროთ და არა სხვისი.
ილია მეორე . სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი.
|
წმიდა ალექსი ბერის მოძღვრებანი სინანულისთვის
სინანული არის უსაღმრთოესი საშუალება , გინა მადლი საღმრთო განსაწმენდელად ცოდვილთა, რამეთუ ვითარცა გულისაგან გამოსრული ცოდვა შეაგინებს კაცსა, ასევე მისივე გულისაგან გამოსრული სინანული განწმენდს მას. სინანული არის საშუალება პირველი დაკარგული დიდების ამოსაგებად, ბუნებასა შინა ჩვენსა დებულიდა ესე არის მადლი სასწაულებრივად შემცვლელი, წყლულის საკურნებლად, შებღალულისა განსაწმებდელად, დაშავებულისა განსპეტაკებად და ყოვლითურთ ცოდვით შეგინებული უძღები შვილის ანგელოზთა დარად ამაღლება
და სინანული ხსოვნაა სამარადისოდ მხილებისა, კანონის ნიჭით რგებული შესანდობელად. სინანული სამოთხის გარშემო მამულში ყოფნაა და ცათა სასუფევლის კარიბჭეა... ვინც სინანულში იმყოფება მისთვის ახლო არის სასუფეველი. რგორც ხილულ ზღვაში შეუძლებელია უნავოდ მგზავრობა, აგრეთვე უხილავ ჩვენს მრავალმღელვარე ბუნების ზღვაში შეუძლებელია სინანულის ნავის გარეშე განვლა კეთილად. მიკვირს ძმაო, რატომ გეზარება სინანული?! ცოდვები ხომ გიხარია... დაფიქრდი ცოტათი მაინც - რამეთუ ოდეს ნანობ შენს ცდომას უსათუოდ შეწუხდები და მწიხარება ეგი სინანულია! დასაბამი სინანულისა არის ხსოვნა მწუხარების, და ეს არის სინანული და ყოველი, რომელიც გულწრფელად ნანობს და წუხს თავისი ცოდვისათვის, უეჭველად მიიღებს შენდობას, რამეთუ იტყვიან მამანი, რომ სინანული კარი არს წყალობისა, რომელიც განღებულ არის მამისა მიერ უძღები შვილის შესაწყნარებლად. სინანული საღვთო ცეცხლია მხურვალი გულისა, სინანული ჩვენდა საყდარია სამსჯავრო მარად თვალწინ გამოხატული, სინანული მშობელია მაცხოვრებითი სულისა, სინანული ჩვენთვის უტკბესია თაფლ-გოლეულისა, სინაული მეორე ნათლისღებაა, აღმხოცელი ნათლისღების შემდგომ ცოდვათა და არა ხანდისხანობითია, არამედ სამარადისო, სულთქმით შეთვისებული მაღლისადმი, რომელიც მოგვმადლოს ღმერთმან ამისა შინა ყოველდღე, ვიდრე სულის აღმოსვლამდე. ამინ!
წმინდა მღვდელ-მონაზონი ალექსი /შუშანია/
გამოკრებილია წიგნიდან წმ. ალექსი ბერის ”მოძღვრებანი” და იბეჭდება მცირეოდენი შემოკლებით.
ტროპარი
ცათა უმაღლესად ამაღლდი სიწმიდითა შენითა, მამაო წმიდაო ალექსი და ცხრა დასთა ანგელოსთა თანა ადიდებ წმიდასა სამებასა, მას ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასთ.
კონდაკი
გნატრით შენ ღირსო მამაო ალექსი და პატივსა ვცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, წინამძღვარო მონაზონთაო და თანამკვიდრო ანგელოსთაო.
|
მარხვის შესახებ
 მარხვასთან შეერთებული გულწრფელი ლოცვა ყოველივე იმას გააღვივებს და გააცოცხლებს, რაც კაცის გულში და სულში კეთილი, წმინდა, პატიოსანი და ღვთაებრივია, ხოლო, ყოველივე ბოროტ სურვილსა და მიდრეკილებას დათრგუნავს და მოსპობს.
კაცნი, რომელნიც მოიკლებენ საჭმელთა და არ იშლიან ცუდთა საქმეთა, დაემსგავსებიან ეშმაკსა, რომელიც სულ არაფერს სჭამს, მაგრამ ღმრთის წინააღმდეგობას არ იშლის.
ვისაც არ შეუძლია, თავის თავს რაიმე აუკრძალოს, თავი შეიკავოს ჭამისა და სმისაგან, იგი თავისი თავის უფალი ვერ იქნება, იგი ვერ შეძლებს წინ აღუდგეს თავისი გულის რომელიმე სურვილს, ან რომელიმე ცოდვილ მიდრეკილებას.
ნუ დაიჯერებთ, რომ გამაძღარ კაცს ლოცვა და მონანიება შეუძლია.
ჭამისა და სმისგან მრავალი სნეულებაა, გარნა მარხვისა და მოთმინებისაგან - არცერთი.
დიდი ესე მარხვა დანო და ძმანო ქრისტიანენო, არს დრო სულიერი განახლებისა, ამ დიდ მარხვაში უნდა განვიშოროთ ყოველნი მავნებელნი, რაიცა არს ჩვენს სულში და გულში. თუ კაცის სხეულში დარჩა რაიმე მავნე განუშორებელად, მაშინ კაცი დასნეულდება და მოკვდება, ეგრეთვეა კაცის სულში - თუ დარჩა განუშორებლად ვნება, ცოდვა დაასნეულებს სულიერ სიკვდილში ჩააგდებს... სწორედ ამისათვის დაგვიწესა წმიდა ეკლესიამ მარხვა, ლოცვა, სინანული...
თუ ოდესმე შესაძლებელ არს სთქვას კაცმან, ახლა არს ჯამი განღვიძებად და ახლა არის უმახლობლეს ჩვენდა ცხოვნება, ეს იქნება ან განმავლობასა შინა დიდისა მარხვისასა, რისთვის? მისთვის, რომ წმინდამან ეკლესიამან ისე დააწესა წმიდასა მარხვასა შინა კითხვა, ლოცვა, გალობა და ყოველივე დაწყობილება საღმრთო მსახურებისა, რომ შეუძლებელია არ გაიღვიძოს და არ შეინანოს კაცმა ცოდვილმა, უკეთუ იგი სრულიად არ არს მკვდარი, რაც კი არს მაღალი, კაცის გულის შემმუსვრელი და გრძნობად მომყვანებელი, ძველთა და ახალთა საუნჯეთა, ეგრეთვე თხზულებათა წმიდათა მამათა, ეს ყოველივე განგებ შეკრიბა წმიდამან ეკლესიამან დღეთა წმიდისა დიდმარხვისასა, და დღეთა ამათ შინა თქვენდა აღსაშენებლად და მოსაქცეველად ძმანო ჩემნო!
არ ყოფილა და არც მოხდება, რომ ვინმე ქრისტიანთაგანი წმიდათა შორის შერაცხულიყო და მმარხველი არ ყოფილიყო.
წმიდა გაბრიელ ქიქოძე - ეპისკოპოსი იმერეთისა
დიდი მარხვის II, III და IV შაბათი მიცვალებულთა მოხსენიებს დღეებია
ნუ ტირი, სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი. მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ ხარ. რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ვართ საუკუნოდ. ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს. ისევ ისე მესუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია, ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი. ნუ მიიღებ სამგლოვიარო, მწუხარე იერს. გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა. ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ეთად ილოცე. ჩემი სახელი ისევ ისე წარმოთქვი, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა. ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც იყო, ძაფი არ გამწყდარა. რად გგონივარ შენს ფიქრს გარეთ? იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ? მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ... ხომ ხედავ ყველაფერი კარგად არის... ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ, თუ მართლა იცი რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი. თუ ძალგიძს იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!.. თუ წამით ძალგიძს ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშეც ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!... როგორ?! თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი?! წარუალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე? გწამდეს, როცა სიკვდილი აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღვთისგან ცნობილ და ღვთისგან დადგენილ დღეს, შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო. იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ, კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმავე გრძნობას ჰპოვებ, ოჩონდ უფრო გაწმენდილს. შეიშრე ცრემლი და ნუ ტირ, ტუ მართლა გიყვარვარ.
მიცვალებულთა მოხსენიების შესახებ.
მიცვალებულებზედაც ისევე უნდა ვლოცულობდეთ, როგორც ცოცხლებზე. უნადა ვლოცულობდეთ არა მარტო ახლობლებზე, არამედ ყველაზე, ვისაც კი რაიმე სიკეთე გაუკეთებია ჩვენთვის. მიცვალებულებზე ლოცვისას ისინიც ლოცულობენ ჩვენთვის. ლოცულობს ყველა, ვის სახელსაც ვიხსენიებთ.
ღირსი ათანასე ამბობს:
,,თუ ცოდვილნი მიიცვალნენ, ჩვენი ლოცვებით ღმერთი მიუტევებს მათ ცოდვებს, ხოლო ტუ ისინი განწმედილები აღესრულენ მაშინ, მათვის აღვლენილი ლოცვა ჩვენივე სულების სახსნელად წაგვადგება”.
,,ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, ყოველთვის ულისანი ვართ, რადგან ქრისტე იმისთვის მოკვდა აღსდგა და გაცოცხლდა, რომ ყველა - მიცვალებულნიც და ცოცხლებიც აღვედგინეთ”(რომ.14; 8-9)
სწორედ ლოცვისას ხდება იმის შეცნობა, რომ ისინი ჩვენს გვერდით არიან.
მოსახსენებელი (სასურველია სეფისკვერთან ერთად) სამკვეთლოში უნდა შეიგზავნოს წირვის დაჭყებამდე, კვეთისას. ამ სეფისკვერებიდან ამოღებული ნაწილები ეწყობა იმ ნაწილთა გვერდით რომელთაც მღვდელმსახური ამოკვეთს საღვთისმსახურო სეფისკვერებიდან. ასე დალაგებული ეს ნაწილები წარმოადგენენ ერთიან ეკლესიას. ამ ნაწილებს ზიარების შემდეგ მღვდელი ყრს ბარძიმში სიტყვებით:
,,- განწმინდე უფალო სულნი აქ მოხსენიებულთა, შენი პატიოსანი სისხლით”
და ასე ხდება ქრისტეს სისხლით იმ მიცვალებულთა განწმეგანწმენდა, ვის სახელზეც ამოიკვეთა ეს ნაწილები.
აი, რატომაა აუცილებელი მიცვალებულთა მოხსენიება სწორედ ეკლესიაში და სწორედ ლიტურგიისას.
მოსახსენებელი შეიძლება გადაიცეს 40 დღიანი, 6 თვის, მთელი წლის მოსახსენებელი და შესაბამისად მოხდება ყოველდღიურად ამხნის განმავლობაში ამ მიცვალებულთა მოხსენიება. ეს ძალიან უმსუბუქებს განსვენებულებს იქაურ ხვედრს. ხომ არიან ბევრნი ისეთნი, რომლებიც ცოდვების მოუნანიებლად წავიდნენ ამ ქვეყნიდან?! სწორედ მათთვის უნდა ვილოცოთ და შევუმსუბუქოთ მათ იმქვეყნიური ხვედრი.
მიცვალებულებისთვის პანაშვიდის გადახდა უნდა მოხდეს მათი მიცვალების, დაბადების და ანგელოზის ხსენების დღეს.
მოსახსენებელი უნად გადაიცეს:
1.წირვის დაწყებამდე, შეიძლება ისინი დატივოტ ეკლესიაში საღამოს, მწუხრის ლოცვაზე.
2.მიცვალებულთა სახელების ჩაწერის დროსაც უნდა ვიხსენიებდეთ მათ, რადგან მათი სახელების წრფელი გულით წარმოთქმა უკვე ერთგვარი ლოცვაა.
3.მოსახსენებელში უნდა ჩაიწეროს არა უმეტეს 5-6 სახელი. თუ მეტი გვინდა მოვიხსენიოტ სხვა მოსახსენებელი უნდა შევადგინოთ.
4.სახელები უნდა ჩაიწეროს ნათესაობით ბრუნვაში.
5.უნდა ჩაიწეროს სახელები ყოველგვარი შემოკლების გარეშე.
6.მოსახსენებელში არ იწერწბა გვარები და მამის სახელები.
7.7 წლამდე გარდაცვლილი იწერება ,,ჩვილად”.
8.ორმოცამდე მიცვალებული იხსენიება ,,ახლადშესვენებულად”.
მიცვალებულთა მოხსენიება ხდება განსაკუთრებუ დღეებშიც.
ესენია:
1.ყველიერის წინა შაბათი. ამ დღეს იხსენიებენ ყველა განსვენებულ;ს, ადამიდან მოყოლებული დღემდე.
2.დიდი მარხვის სამი - მეორე, მესამე და მეოთხე შაბათი.
3.აღდგომის მეორე კვირა, როცაროცა მიცვალებულებს ეხარებათ ქრისტეს აღდგომა.
4.სულთმოფენობის შაბათს, რათა მიცვალებულებზეც გადმოვიდეს სულიწმიდის მადლიდა განწმინდოს ისინი.
5.დიმიტრის შაბათს. ეს დღე თვითონ წმიდა დიმიტრი როსტოველმა დაადგინა წმიდა სერგი როდონეჟელის კურთხევით იმ გამარჯვების აღსანიშნავად, რომელიც მან მიპოვა კულიკოვოს ბრძოლაში.
ზემოთ ჩვენ გაგაცანით ღირსი ათანასეს სიტყვები იმ განსვენებულთა შესახებ, რომლებიც ჩვენს მეოხებას საჭიროებენ ცოდვათა შესანდობათ და იამთზეც, რომლებიც თვითონვე გვიწევენ შუამდგომლობას ღვთის წინაშე. ასე რომ ვილოცოთ ყველასთვის, ახლობლებისთვისაც და უცნობთათვის. ვინ იცის სანთელ-საკმეველი სად წამოგვეწევა და როდის შეგვაშველებს მადლს.
შემიწყალე მე უფალო ჟამსა მეორედ მოსვლისა შენისასა, და დამაყენე მე მარჯუენით მართალთა შენთა თანა.
|